„იმ ბავშვებს, რომლებიც 6-7 საათის განმავლობაში უჭმელ-უსმელები გელოდებოდნენ, ემახსოვრებათ …“ – თამარ ივერი საფეხბურთო ნაკრების წევრების მისამართით აღშფოთებულ მიმართვას ავრცელებს
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წევრები როგორ ტოვებენ სასტუმროს და როგორ არ ესალმებიან პატარა გულშემატკივრებს, რომლებიც მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდნენ. მათ შორის იყვნენ ოპერის ქართველი ვარსკვლავის, თამარ ივერის შვილებიც. მომღერალი „ფეისბუქში“ წერს:
„ვინც მიცნობს, იცის, რომ „მორიდებული გოგო” არ ვარ და ასეთ რაღაცებს, ვინც და რაოდენ საამაყოც უნდა იყოს, არ „გავატარებ!“, სათქმელი უნდა ითქვას.
როცა მოედანზე პოზიორობს ფეხბურთელი მისი გულშემატკივრებით და ათასი კამერების თვალწინ ხელის ჩამოსართმევად ტრიბუნებზე ადის, ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა, ხოლო „შინაურულ სიტუაციაში” ის როგორ ეპყრობა მის გულშემატკივარს, ეს კიდევ სულ სხვა თემაა და ეს მხარე უფრო რეალურად აღწერს მის პიროვნებას.
ჩემი ბავშვები, ისევე როგორც ბევრი ჩვენგანის, ჩვენი ეროვნული ნაკრების „დაუძინებელი” ფანები არიან. სწორედ ამ გრძნობით და ოცნებით, რომ ისინი ბათუმში მათ საყვარელ კერპებს შეხვდებოდნენ და ისინი მათ ავტოგრაფს აჩუქებდნენ, მათთან სურათს გადაიღებდნენ…
ამ გრძნობით მოუჩქაროდათ გული ბათუმში. მატჩის მეორე დღეს იცოდნენ რა მათი საყვარელი ფეხბურთელები სასტუმრო „ჰილტონიდან“ ავტობუსით გადიოდნენ… მთელი ღამე არ ეძინათ. დილიდანვე იყიდეს მარკერები, მაისურები და გაეშურნენ სასტუმროდან გამოსვლისას მათთან შესახვედრად. ბავშვებს იქ დახვდნენ კიდევ სხვა პატარა ფანები და მათ დროდადრო კიდევ შემოუერთდნენ 20-30 მდე ბავშვი. რატომღაც თქვეს, რომ ნაკრები სასტუმროს 4 საათამდე არ დატოვებდა, თუმცა ეს არ ყოფილა პატარებისთვის შეფერხება.
ისინი დილიდან მოყოლებული, 6-7 საათის განმავლობაში მშიერნი, მწყურვალნი, ბურთებით, ფურცლებით, მარკერებით, მაისურებით „შეიარაღებულნი” იდგნენ სასტუმროს ჰოლში და ელოდნენ მათი კერპების გამოჩენას.
და აი, ნანატრი წამი…
თქვეს, რომ ნაკრები 4 საათისთვის დატოვებდა სასტუმროს. ეს დრო საკმაოდ შორი იყო, მაგრამ არავის უფიქრია იქაურობის დატოვება. მოახლოვდა 3 საათი და შემოვარდნენ დაცვის წევრები და დაიწყეს შუა სასტუმროს ჰოლში რკინის გისოსების დამონტაჟება(!), თითქოს და ნაკრები უნდა დაეცვათ კუნთმაგარი კაცების თავდასხმისგან. ეს კიდევ არაფერი, ბავშვების მშობლებს აიძულებდნენ ტერიტორიის დატოვებას…
ბავშვები კიდევ ერთი საათი წვალობდნენ და იცდიდნენ ამ რკინის მოაჯირებთან. მათ არ ახსოვდათ არც დაღლა, არც შიმშილი, არც წყურვილი და ბოლოს ნანატრი წუთი… გამოჩდნენ კიბეებზე მათი ნანატრი ფეხბურთელები, რასაც ბავშვები ტაშით, ოვაციებით და კალმიანი, ფურცლიანი გაწვდილი ხელებით შეეგებნენ. ერთმა მშობელმა თქვა, რამდენჯერმე მოვედით და ისე ჩაგვირბინეს, ხელმოწერა კი არა, თვალი ძლივს მოვკარითო(!).
ერთადერთი, ბუდუ ზივზივაძე შეჩერდა და მოინდომა ავტოგრაფების მიცემა, ერთი ორზე მოასწრო, მაგრამ დაცვის თუ სტაფის ხალხი მიაწვა მას – წადი, წადიო!
კარგით, რააა, ბიჭებო, ან თავად ბავშვები არ ყოფილხართ, ან კერპები არ გყოლიათ? ან…ან…ან… პატარა ბავშვები დილიდან უჭმელ-უსმელი 6-7 საათის განმავლობაში ელოდებიან თქვენს გამოჩენას, 4 საათამდე განზრახ არ ჩნდებით ჰოლში(რომ არ დაგესხან თავს) და როცა ჩნდებით (და ასე გვიან), მაშინაც ასე აიგნორებთ ამ ბავშვებს? ის თუ იცით, რომ თქვენი ქვეყნის მთელი შიდა წარმატება ამ ბავშვებზე და მათ ოჯახებზე დგას? ის თუ იცით, რომ მისი კერპისგან ასეთი იგნორი მათ ტრავმად რჩებათ მთელი ცხოვრება? ის თუ იცით, რომ…
ერთხელ ლიონელ მესიმ ბავშვის ხელგაწვდილი ხელი ვერ შეამჩნია, ჩაიარა და ასეთი (უნებური) ქცევისთვის მას კინაღამ ფეხბურთი დაატოვებინეს. მერე სულ ბოდიშები ახდევინეს და ლამისაა, სახლში მიაყვანინეს ეს ბავშვი.
ერთი იცოდეთ, ბიჭებო, ამ ბავშვების გულწრფელ აღტაცებაზე, თაყვანზე და სინდისზე დგას მთელი თქვენი „შიდა” წარმატება და ამ პატარა ქართველებს თუ არ მოეფერებით…
კი, ბატონო, მაშინ ითამაშეთ ესპანელი, გერმანელი, ინგლისელი და იტალიელი ბავშვებისთვის
ექვსნიშნა მსუყე თანხებზე და აქ შიგადაშიგ გამოჩნდით ხოლმე „ხელმიუწვდომელი ბეტმენებივით”. სწორედ ასეთ სიტუაციებში ჩანს თქვენი ფანებისადმი მადლიერება, თორემ უზარმაზარ სტადიონებზე, ათასობით კამერის წინ კი ვიცით, რომ ყველას გიყვართ თქვენი გულშემატკივრები! მით უმეტეს, როცა ქვეყანამ ღირსების ორდენით დაგაჯილდოვათ… ეს „ღირსეულობა”, პირველ რიგში, თქვენს ქართველ ფანებს უნდა დაუბრუნოთ, თორემ ევროპელი ფანებისთვის თქვენ ერთი რიგითი „დღეს შენ და ხვალ შენზე უკეთესი” მოთამაშე ბრძანდებით!
ისე, წესით, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება, უპრიანი იქნება, თქვენმა უნიჭო პროტოკოლმა გამოჰყოს ერთი საათი სპეციალურად ფანებთან შესახვედრად და მათთვის ავტოგრაფებისთვის, მაგრამ ამას მენეჯმენტი და მიხვედრა ხომ უნდა? არ გამოვრიცხავ, რომ სწორედ ისინი გაძალებდნენ – ხალხთან არ გაჩერდეთ, პირდაპირ ავტობუსში ჩასხედითო, მაგრამ ვაჟკაცობაც ის არის, რომ მის ადგილას მოაჯინოთ ეს თქვენი „ფანთმოძულე” მენეჯერები.
იმედია, იმ კორიდორში მდგომი ბავშვებიდან (ვისაც გავლენიანი ნაცნობები არ ჰყავდა და ცალკე არ შეაპარეს ფეხბურთელებთან შესახვედრად) რამდენიმე მაინც გახდება თქვენსავით დიდი ფეხბურთელი და ყოველთვის ემახსოვრებათ, თუ როგორ არ უნდა შეიპყროს ის ამბიციებმა, როგორ არ უნდა გააგიჟოს ექვსნიშნა ჰონორარებმა და როგორ არ უნდა მოიქცეს მის პატარა ფანებთან, როგორ არ უნდა ჩაიქროლოს მათ წინ „საქონლის მატარებელივით” და როგორ „ფეხებზე არ უნდა დაიკიდოს” მათ მიერ გულწრფელად გამოწვდილი ფურცლებიანი და კალმიანი პატარა ხელები!
პ.ს. ერთადერთი ნათელი გამონაკლისი იყო ღირსეული გიორგი გველესიანი, რომელიც რამდენჯერმე ადამიანურად, ყოველგვარი დაცვის გარეშე, მარტო ჩამოვიდა ჰოლში და არც ერთ ფანს არაფერზე გული არ დაწყვიტა. ასევე მიქაუტაძე არ იმყოფებოდა სასტუმროში ნაკრებთან ერთად და ეს შენიშვნაც მას არ ეკუთვნის!“ – დაწერა თამარ ივერმა.
You may also like
- „ჩემი პატარა ცმაცუნა დისშვილი დაიბადა“ – რა ფოტოს აქვეყნებს გიორგი სუხიტაშვილი
- „ხელფასები 1 000-დან 2 000 ლარამდე…“ – დედაქალაქის მერია 400-მდე ვაკანსიას აცხადებს
- „მოტყუებით გამოიყვანა, ხელში ქვა ეჭირა…არც გაქცეულა“ – როგორ მოკლა ციხიდან ახალგამოსულმა კაცმა ყოფილი ცოლი, რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი
- „ეს რა დღე გამითენე შვილო…“ – უკრაინაში დაღუპული ლევან ლოხიშვილის დედა სულისშემძვრელ პოსტს აქვეყნებს
- ტრაგედია თიკა ფაცაციას ოჯახში – ამბავი, რომელიც საზოგადოებამ ამ დრომდე არ იცოდა