რა გახდა ორსული გოგონას გარდაცვალების მიზეზი – კლინიკის დირექტორი პირველ კომენტარს აკეტებს
ტრაგედია დატრიალდა ქუთაისში. 28 წლის შორენა ონიანი, რომლის გადარჩენასაც მშობიარობის შემდგომი გართულების შემდეგ ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ, გუშინ გარდაიცვალა.რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მეორე სამშობიაროში ონიანს ნაადრევად ტყუპი შეეძინა. მშობიარობიდან რამდენიმე საათში შორენას მდგომარეობა დამძიმდა. თბილისში გადმოყვანის შემდეგ, ოჯახს ურჩიეს, რომ სასწრაფოდ თურქეთში გადაეყვანათ. შორენა ტრაპიზონის კლინიკაში გარდაიცვალა.
ჩვენ დავუკავშირდით ქუთაისის მეორე სამშობიაროს ხელმძღვანელს, ბატონ ირაკლი მერკვილაძეს, მისი თქმით, ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
– ბატონო ირაკლი, გარდაცვლილი ფეხმძიმეს ოჯახი მომხდარში ექიმს ადანაშაულებს, მის დასჯას ითხოვს და დაუდევრობაზე საუბრობს, რა გახდა ორსულის გარდაცვალების მიზეზი?
– ზუსტად ვერ გეტყვით, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი. ეს ყველაფერი გამოსაკვლევია, რაც შემიძლია გითხრათ ეს არის, რომ გართულებები მოხდა ჩვენთან, კლინიკაში. ამჟამად მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. სრულფასოვანი გამოძიება უნდა ჩატარდეს, ამას აკეთებს პოლიცია და პარალელურად მიდის გამოძიება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამმართველოს მიერ. მათთვის ყველა ინფორმაცია მიწოდებულია, ეს პროცესი ახლა მიდის და საბოლოოდ გაირკვევა ყველაფერი, როცა ეს დეტალები იქნება გამოკვლეული.
– რას ამბობს თავად ექიმი?
– დიდი ტრაგედია მოხდა და ექიმი თავისთავად ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ზუსტად, რაც მოხდა, ეს ყველაფერი ასახულია პაციენტის ისტორიაში. კლინიკის ხელმძღვანელი ვარ და რა თქმა უნდა ვარ საქმის კურსში, ვიცი რაც მოხდა, თუმცა ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. ამას სჭირდება ზუსტად გამოკვლევა და გამოკვლევის შედეგები დააზუსტებს რა და როგორ მოხდა.
– კლინიკის მისამართით ისმის კრიტიკა, საზოგადოების პრეტენზიები
– ჩვენს კლინიკაში ასეთი არაფერი ყოფილა. ნორმალურად ვმუშაობდით, ყველაფერი წესრიგში იყო, მოხდა ეს ტრაგედია და ჩვენც განვიცდით ამას.
– ახალდაბადებული ტყუპი ძმების ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ხომ ვერ ისაუბრებთ? როგორია ბავშვების მდგომარეობა?
– ახალშობილები დღენაკლულები იყვნენ, მიუხედავად ამისა, მათი მდგომარეობა იყო ნორმალური, თუმცა ოჯახმა მოითხოვა რომ ბავშვების მკურნალობა გაგრძელებულიყო თბილისში და ბავშვები გადაიყვანეს ღუდუშაურის კლინიკაში, ისინი იქ არიან ამჟამად. რაც შეხება მომხდარს, მიდის გამოძიება, ყველა დაიკითხება, სრულფასოვნად იქნება გამოკვლეული ყველა დეტალი და ამის შემდეგ უკვე კონკრეტულად გაცხადდება რატომ მოხდა ეს ტრაგედია.
– სისხლდენა მშობიარეს როდის დაეწყო?
– ამის დაკონკრეტებას აზრი არ აქვს, მესმის რომ ძალიან დიდი ინტერესია, დიდი ტრაგედია მოხდა. მერწმუნეთ, ჩვენთვისაც ძალიან მძიმეა. დიდი ტრაგედიაა როგორც ოჯახისთვის, ყველასთვის. ყველაფერს გაარკვევს პოლიცია და ასევე ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სამსახური.
– დაკითხულია ექიმი, რომელმაც ამშობიარა ფეხმძიმე?
– ექიმი დაკითხულია, მას ჩვენება მიცემული აქვს და ეს პროცესი მიდის.
შორენა ონიანის ახლობელი “კვირის პალიტრას” უყვება:
“შორენა ქუთაისში იმ ბაღში მუშაობდა, სადაც ჩემი შვილები დამყავდა. საოცარი გოგო იყო, სიკეთით სავსე. განსაკუთრებით უყვარდა ჩემი შვილი და ჩემს შვილსაც უყვარდა. ისე უვლიდა სხვის შვილებს და იმდენ სითბოს აძლევდა, როგორ შეიძლებოდა ის არ ჩახუტებოდა თავის შვილებს და სიყვარულით არ გაეზარდა ისინი, მაგრამ საუბედუროდ, თავისი შვილები დარჩა ჩაუხუტებელი. ძალიან განვიცდით ყველანი. გამორჩეული გოგო იყო. რომ გათხოვდა და ფეხმძიმედ დარჩა, ბაღში მუშაობა მიატოვა, რადგან ტყუპს ელოდებოდა.
ქუთაისის მეორე სამშობიაროში უმშობიარია, ნათესავები ექიმის დაუდევრობას აბრალებენ, როგორც ვიცი, ახლა იმხელა ტრაგედია ტრიალებს, ამაზე სასაუბროდ არავის სცალია, მაგრამ ალბათ მერე ილაპარაკებენ. აუცილებლად უნდა გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯოს დამნაშავე.
შორენა ლენტეხიდან იყო, მაგრამ ქუთაისში ცხოვრობდა და მუშაობდა ბაგა-ბაღში. საოცარი გოგო იყო, სიკეთეს ასხივებდა, ყველას უყვარდა და თავადაც ყველა უყვარდა. ბავშვებს ჯვარი წერიათ, კარგად არიან, თბილისში, კლინიკაში. ძალიან გვატკინა გული შორენას დაღუპვამ. სადაა სამართალი, ასეთი უბედურება არ უნდა ხდებოდეს”, – ამბობს გარდაცვლილი ქალის ახლობელი.
წყარო: AMBEBI.GE
You may also like
- “ადამიანები დახოცა…” – ვრცელდება თბილისში, სათვალთავლო კამერით გადაღებული ავარიის უმძიმესი კადრები, არის მსხვერპლი
- მეცნიერები დედამიწასთან დაკავშირებით უმძიმეს პროგნოზს აქვეყნებენ და ვადას ასახელებენ
- ”უმძიმესი მოსასმენია, მაგრამ ეს აუცილებლად უნდა გითხრათ…” – ნახეთ ნიკოლოზ წულუკიძის განცხადება
- „დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ – გოგა მანია
- ამ დარღვევისთვის მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება და 5 ქულა ჩამოაკლდება – ახალი გაფრთხილება